ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი“ პრეზენტაცია

31 იანვარი 2017 - 31 იანვარი 2017
Share

2017 წლის 31 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება 2017 წლის ალბომ-კალენდრის „ჯვარი და ვაზი - ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები" პრეზენტაცია. გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.

ალბომ-კალენდარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი საჩუქარია ქართველი მკითხველისთვის. მასში ასახულია VI-XIII საუკუნეების ხატები და კედლის მხატვრობის რჩეული ნიმუშები, რომლებიც შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების ფასდაუდებელი განძია.

კალენდარში წარმოდგენილია 24 ფერადი ილუსტრაცია და მათთან დაკავშირებული ტექსტები, რომლებიც გვაცნობს წარმოდგენილი ხატებისა და ფრესკების ისტორიას, იკონოგრაფიულ-სტილურ თავისებურებებს და აგრეთვე პარალელებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ხელოვნებიდან.

საქართველოს გარდა, კალენდარი იტალიაში, საფრანგეთსა და რუსეთშიც გამოქვეყნდა, რაც  მიზნად ისახავდა მრავალსაუკუნოვანი ქართული სასულიერო კულტურისა და მათ შორის ეროვნულ მუზეუმში დაცული ხატების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.