შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) წარმომადგენლებთან

17 დეკემბერი 2016 - 17 დეკემბერი 2016
Share

2016 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას (იმსა) უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ისტორიის მასწავლებელმა. შეხვედრის დროს საგანმანათლებლო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ისტორიის მასწავლებლებს გააცნეს სამუზეუმო კოლექციები, ახალი გამოფენები და სამუზეუმო განათლების სპეციფიკა.

ყველა მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში პედაგოგთა თითო ჯგუფმა იმუშავა, რის შედეგადაც მოხდა ექსპონატების და თემების იდენტიფიკაცია და მათი დაკავშირება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. შეიქმნა ერთობლივი მცირე ჯგუფები, რომლებიც მოამზადებენ დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებს პედაგოგებისათვის ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის ევოლუცია და ქვის ხანა, უძველესი რწმენა-წარმოდგენები არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ქრისტიანობა და ხელოვნების დარგები შუა საუკუნეების საქართველოში, საქართველოს უახლესი ისტორია და სხვა.

საგანმანათლებლო დეპარტამენტის სპეციალისტები და პედაგოგები შეთანხმდნენ, რომ მუზეუმის კოლექციებზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, რომლებიც პედაგოგებს დაეხმარება არა მხოლოდ ისტორიის და სამოქალაქო განათლების, არამედ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების შესწავლაში.

ამ მიმართულებით „იმსას" და ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.