თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის

20 დეკემბერი 2016 - 20 დეკემბერი 2016
Share

2016 წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორს გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

მონეტებსა და ფულის ისტორიას ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ისტორიის საკითხების გაშუქებაში განსაკუთრებული მნიშნველობა ენიჭება. შესაბამისად, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს (ისტორიული კოლხეთის), როგორც სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული კერის წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში.

ეროვნული ბანკი მუზეუმს გადასცემს მის მიერ გამოშვებულ საკოლექციო და მიმოქცევის დანიშნულების, ასევე, მიმოქცევიდან ამოღებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც სამომავლოდ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსდება.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმი ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს შემეცნებითი-სასწავლო პროექტებს კულტურის, მეცნიერებისა და ისტორიის სფეროში.

ღონისძიება გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენაზე.