”ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა”

01 დეკემბერი 2016 - 01 დეკემბერი 2016
Share

2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლას" უმასპინძლა. ისტორიის შესწავლის თანამედროვე ტენდენციების და მოვლენების გლობალურ კონტექსტში დანახვის მნიშვნელობის შესახებ   „ნორჩ ისტორიკოსებს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის  გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის წევრებმა კი მათ  მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები და ახალი გამოფენა - „ქვის ხანის საქართველო" გააცნეს.

"ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა" შეიქმნა 2014 წელს. მისი დამაარსებლები არიან „საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია", საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. "ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის" მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს უკეთ გააცნოს და შეაყვაროს ჩვენი სამშობლოსა და მსოფლიოს ისტორია, განუვითაროს როგორც ზოგადი, ასევე ის სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რომლებიც ყალიბდება ისტორიის სწავლის დროს. "სკოლის" შექმნის შემდეგ ნორჩი ისტორიკოსებისათვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეგულარულად იმართება შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც ეხება არქეოლოგიას, შუა საუკუნეების ისტორიას, ეთნოგრაფიას, ახალ და უახლეს ისტორიას და სხვ. აქტივობებს ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ „საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის" პედაგოგები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები და საგანმანათლებლო დეპარტამენტის სპეციალისტები. 2017 წლიდან ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.