წიგნის პრეზენტაცია ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921"

09 ნოემბერი 2016 - 09 ნოემბერი 2016
Share

2016 წლის 9 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ფირუზ ქაზემზადეს წიგნის ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921" ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ფირუზ ქაზემზადეს წიგნი ,,ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921" არის დასავლეთის აკადემიურ წრეებში ისტორიის ამ პერიოდის აღწერისა და გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. წიგნი პირველად 1951 წელს ამერიკაში გამოიცა. 2016 წელს კი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

წიგნში, ხელმისაწვდომი საარქივო მასალის გამოყენებით, აღწერილია 1917 წლის რუსეთში დატრიალებული მოვლენების გამოძახილი ამიერკავკასიაში, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნების გავლენა რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ვითარებაზე. წიგნი ნათლად აღწერს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნისა და დაშლის მიზეზებს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობებს. წიგნში გაანალიზებულია აზერბაიჯანსა და სომხეთში დატრიალებული მოვლენები და ამ სამი ახლადგამოცხადებული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის ისტორია, აღწერილია ბოლშევიკური რუსეთის არმიის შემოსვლა.

წიგნის ავტორი ფირუზ ქაზემზადე 1924 წელს დაიბადა. მან დაწყებითი განათლება მიიღო მოსკოვში, სადაც მამამისი ირანის საელჩოში მუშაობდა. მოსკოვში სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახი აშშ-ში გადავიდა. 1946 წელს ფირუზ ქაზემზადემ სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა, 1947 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი, 1950 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტში დოქტორის წოდება რუსეთის ისტორიის განხრით.

1954-1957 წლებში ფირუზ ქაზემზადე ჰარვარდში, მოგვიანებით კი იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა. 1992 წლიდან ატარებს იელის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის წოდებას.

წიგნი ითარგმნა და დაიბეჭდა გამომცემლობის ,,პოეზია" დამფუძნებლის ნატო ალხაზიშვილის ინიციატივით. პროექტის მხარდამჭერია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და კავკასიის განვითარების ფონდი.  

თარგმანი - ქეთი ქანთარია, სამეცნიერო რედაქცია -  დოქტორი გიორგი მამულია.

 

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში - შოთა რუსთაველის გამზ. 3.