გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის შესახებ

29 სექტემბერი 2016 - 30 სექტემბერი 2016
Share

2016 წლის 29-30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას ზღვის ძუძუმწოვრების შესახებ.

ზღვის ძუძუმწოვრების (ვეშაპები და დელფინები, სელაპები და სირენები) ევოლუციის კვლევა მეცნიერების სწრაფად მზარდი დარგია. 2013 წელს 14 ახალი ნამარხი ფორმა იქნა აღწერილი, ხოლო 2014 წელს, ისევე როგორც 2015 წელს, ახალი ფორმების რიცხვი 21-მდე გაიზარდა; გამოდის, რომ საშუალოდ ყოველ 17 დღეში ერთი ახალი ზღვის ნამარხი ძუძუმწოვრის აღმოჩენა ხდება. ახალი მონაცემების სიმრავლე ხელსაყრელ პირობებს ქმნის წყლის გარემოსთან ადაპტაციებზე დისკუსიების ინიცირებისა და ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის ახალი კონცეფციების შესაქმნელად. საგრძნობი პროგრესია ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუციის მიმართულებების დადგენაში და ფილოგენეზის რეკონსტრუქციაში, უკბილო ვეშაპების, ზღვის ღორებისა და სირენების ურთიერთკავშირის გამოვლენაში. საინტერესო აღმოჩენებია  თანამედროვე ვეშაპების სხეულის აღნაგობის ზოგადი სქემის ევოლუციის მიმართულებების კვლევის საკითხებში. ახლახანს გამოვლენილი ბუნებრივი მექანიზმები და ფუნქციები, თავის მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიომიმიკურ ტექნოლოგიებში წყლის გარემოში გამოსადეგი ახალი მასალებისა და მოწყობილობების შესაქმნელად.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულია ნამარხ ვეშაპისნაირთა კოლექცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ეს კოლექცია შეიცავს ასზე მეტ ნიმუშს, მათ შორის აღსანიშნავია Ferecetotherium kelloggi, მსოფლიოში უძველესი კაშალოტი და დღევანდელი ვეშაპების ჯგუფის უძველესი წარმომადგენელი; Oligodelphis azebajdzanicus, დიდი ალბათობით მსოფლიოში უძველესი დელფინი;  კბილებიანი ვეშაპის - Kelloggia barbarus-ის მსოფლიოში ყველაზე სრული ჩონჩხი;  Imerocetus karaganicus და Otradnocetus virodovi - ევროპაში უძველესი უკბილო ვეშაპები; Iniopsis caucasica და Kharthlidelphis diceros - უძველესი ნამარხი დელფინები. რომელთა ფილოგენეტური კავშირი სხვა ფორმებთან დაუდგენელია. 

კონფერენციას ეწვევა 20-მდე მოწვეული სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს გურამ მჭედლიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრების კოლექცია და ახალი მნიშვნელოვანი პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებლები.

კონფერენციის ფარგლებში, 25 სექტემბერს 15:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფოიეში გაიხსნება გამოფენა "კავკასიის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრები".

კონფერენციის ფარგლებში , 25 სექტემბერს 17:00 საათზე, მუზეუმის ფოიეში ჩატარდება დოქტორ პაველ გოლდინის ლექცია "უკან წყალში: ზღვის ძუძუმწოვართა ევოლუცია".

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. №3.