ლექცია ,,უკან წყალში: ზღვის ძუძუმწოვართა ევოლუცია"

25 სექტემბერი 2016
Share

2016 წლის 25 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფოიეში გიწვევთ დოქტორ პაველ გოლდინის ლექციაზე "უკან წყალში: ზღვის ძუძუმწოვართა ევოლუცია". ლექცია ჩატარდება გურამ მჭედლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის "ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია" ფარგლებში.

დოქტორი პაველ გოლდინი მსოფლიოში აღიარებული ზღვის ძუძუმწოვრების პალეონტოლოგია შმელჰაუზენის ზოოლოგიის ინსტიტუტიდან (კიევი, უკრაინა). მის სახელთან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენებია დაკავშირებული. მან გამოჰყო უკბილო ვეშაპების ახალი, მანამდე უცნობი ოჯახი (Tranatocetidae), რომლის წარმომადგენლებიც 10 მილიონი წლის წინ გავრცელებული იყვნენ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, ასევე ხმელთაშუაზღვაში (იმდროინდელ პარატეთისის ზღვაში); პაველ გოლდინმა დაადგინა ვეშაპისნაირთა რამდენიმე ახალი გვარი, მათ შორის: ბაზილოტრიტუსი (Basilotritus) - 40 მილიონი წლის წინანდელი, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და პრიმიტიული ვეშაპისნაირი და ბრანდტოცეტუსი (Brandtocetus) - 9-10 მილიონი წლის წინანდელი უკბილო ვეშაპი. პაველ გოლდინს ეკუთვნის ცეტოთერიიდების ოჯახის საფუძვლიანი რევიზია. ეს არის  უკბილო ვეშაპების დღეს გადაშენებული ოჯახის ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი შავი ზღვის რეგიონში. მათ რიცხვში შედიოდა უკბილო ვეშაპების არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მომცრო ზომის, მინიატურული სახეობები.

დოქტორი პაველ გოლდინი გათხრებსა და დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროებზე, უკრაინასა და მის მომიჯნავე ქვეყნებში. ნაყოფიერ მეცნიერულ კვლევას უხამებს პედაგოგიურ საქმიანობას. მისი დოქტორანტები იკვლევენ შავი ზღვის ვეშაპისნაირებს: ზღვის ღორებსა და დელფინებს.

კონფერენცია "ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია" მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს გურამ მჭედლიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნამარხი ზღვის ძუძუმწოვრების კოლექცია და ახალი მნიშვნელოვანი პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებლები.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. №3.