ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენცია: "Homo erectus-ის 100+25 წელი: დმანისი და მის მიღმა"

21 სექტემბერი 2016 - 24 სექტემბერი 2016
Share

1991 წელს, ფრანკფურტში, ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენცია Pithecanthropus erectus-ის აღმოჩენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. სწორედ ამ კონფერენციაზე წარადგინეს იმავე წლის 24 სექტემბერს დმანისში პირველად აღმოჩენილი, 1.8 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინინის ნაშთი. ამ მოვლენიდან 25 წლის შემდეგ ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც Pithecanthropus erectus-ის 125 და დმანისელი ჰომინინის აღმოჩენის  25 წლის იუბილეს ეძღვნება, უკვე საქართველო მასპინძლობს. 

იმ 125 წლის განმავლობაში, რაც Homo erectus-ის შესწავლა მიმდინარეობს, ბევრი ახალი სამეცნიერო მონაცემი დაგროვდა. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, მხოლოდ დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე, 1.77 მილიონი წლით დათარიღებული მინიმუმ 5 ინდივიდის ნაშთია აღმოჩენილი. დღეისათვის ამ ასაკის ნაშთებს შორის დმანისის ჰომინინები მსოფლიოში საუკეთესოდ შემონახულ ნამარხებად ითვლება (ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ გაშუქდა ისეთ სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში როგორებიცაა: Science, Independent, National Geographic, Le Figaro, New York Times, BBC, CNN, Guardian და სხვა. აღსანიშნავია რომ, 2000 წელს მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიურ მონაპოვარს მესამე ადგილი ერგო).

კონფერენციაში მონაწილეობს 100-მდე მეცნიერი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის არიან ისეთი ლეგენდარული პიროვნებები, როგორებიც არიან აფრიკაში აღმოჩენილი 3,2 მილიონი წლით დათარიღებული აფარის ავსტრალოპითეკის - „ლუსის" აღმომჩენი დონალდ ჯოჰანსონი და მიშელ ბრუნე, რომელმაც ჩადში (აფრიკა) აღმოაჩინა ტუმაი -  7-6 მილიონი წლით დათარიღებული ჯერ-ჯერობით ყველაზე ძველი ადამიანის ნიშნების მქონე ჰომინინი დედამიწაზე. 

ზენკენბერგის კონფერენციაზე განხილული იქნება Homo erectus-ის წარმოშობა და მისი ევოლუციის ისტორია. ასევე, მეცნიერები ერთმანეთს გაუზიარებენ პრეისტორიის დარგში მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგებს.

კონფერენცია ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ზენკენბერგის მუზეუმის და ROCEEH-ის კვლევითი ცენტრის (ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემია) თანამშრომლობის ფარგლებში.

სახალისო ინფორმაცია: როდესაც არქეოლოგები ველზე მუშაობდნენ უსმენდნენ The Beatles-ის ცნობილ სიმღერას „Lucy in the sky with diamonds", ამიტომაც თავიანთ სენსაციურ აღმოჩენას - აფარის ავსტრალოპითეკს დაარქვეს ლუსი.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა №1.