საერთაშორისო კონფერენცია „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში"

16 ივნისი 2016 - 19 ივნისი 2016
Share

2016 წლის 16-19 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში - ადრეული სამთო საქმისა და მეტალურგიის წარმოშობა კავკასიაში". 

კონფერენცია არის ამავე სახელწოდების ქართულ-გერმანულ-ფრანგულ-აზერბაიჯანული პროექტის ნაწილი, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს და ფინანსდება გერმანიის სამეცნიერო ფონდისა (DFG) და საფრანგეთის სამეცნიერო სააგენტოს (ANR) მიერ. კონფერენცია ეძღვნება კავკასიაში ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ უახლეს ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო კვლევების შედეგებს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 40-მდე მეცნიერი საქართველოდან, გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • კავკასიის უძველეს მოსახლეობაში მიმდინარე ტექნიკურ-ტექნოლოგიური განვითარების პირველი აფეთქება უძველეს მეტალურგიასა და სამთო საქმეში;
  • მარილი, სპილენძი და ოქრო - კავკასიის უმნიშვნელოვანესი სასარგებლო წიაღისეულის უძველესი მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიური ინოვაციები - მისი როლი გარესამყაროსთან ურთიერთობის სფეროში;
  • სამთო საქმისა და წარმოების მართვის საკითხები პრეისტორიულ ხანაში;
  • საყდრისში, კაცობრიობის ოქროს უძველეს სამთო წარმოების არქეოლოგიურ ძეგლზე და ძეძვების სამთოელთა დასახლებაზე ჩატარებული 12–წლიანი ინტერდისციპლინარული კვლევების შედეგები;
  • საქართველოში, აზერბაიჯანისა და და ურის (მესოპოტამია) სამეფო სამარხებში აღმოჩენილი ოქროს ნივთების გეოქიმიური კვლევების შედეგები; ანანაურის ელიტის ყორღანში აღმოჩენილი მასალების თავისებურებები; ძვ.წ V-III ათასწლეულებში კავკასიის უძველეს კულტურებში მეტალურგიული სპილენძის განვითარების საკითხები;
  • მეტალურგიული სპილენძის განვითარების საკითხები კავკასიის უძველეს კულტურებში ძვ.წ V-III ათასწლეულებში;
  • ინტერდისციპლინარული კვლევების უახლესი მიღწევები მარილის საბადოზე დუზდაღში, ოვჩულარ თეფეზე, ზირინჩლიკსა და ქიულ/თეფეს უძველეს ნამოსახლარებზე (ნახიჭევანი, აზერბაიჯანი), მენთეშ-თეფეზე (აზერბაიჯანი);
  • ცენტრალური ირანის უძველესი სამთო საქმისა და არქეომეტალურგიის საკითხები;
  • სამთო არქეოლოგიური, არქეომეტალურგიული და არქეოგეოლოგიური კვლევები სომხეთში;

კონფერენციის ფარგლებში, 16 ივნისს 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი აღმოჩენების ფონზე". ექსპოზიცია ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის 95 წლის იუბილეს. დამთვალიერებელი გაეცნობა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანების სოციალურ და ეკონომიურ ურთიერთობებს, მათ რელიგიასა  და კულტურას.  

გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტები, ფილმი და ფოტოები მნახველს გააცნობს სამთო წარმოების სხვადასხვა ტექნიკას. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები ძეძვების ნამოსახლარიდან - სამარხებიდან, ნასახლარებიდან და სახელოსნოებიდან; ანანაურში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III ათასწლეული) ელიტის სამარხი, ხის ურმები, ძვირფასი სამკაული და სხვა.

ბოლნისის რაიონში მიმდინარე კვლევების შედეგები, მოპოვებული არტეფაქტები მომავალში წარმოდგენილი იქნება ბოლნისის ახალ მუზეუმში, რომლის გახსნაც დაგეგმილია 2017 წელს. 

ღონისძიების პარტნიორები არიან: გერმანიის სამთო მუზეუმი (ბოხუმი), ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანიის სამეცნიერო ფონდი DFG, საფრანგეთის ეროვნული კვლევების სააგენტო, CNRS სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი, ჟან პოლოქსის ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის მისია/ლიონი, უძველესი საზოგადოებების შემსწავლელი სამეცნიერო ფედერაცია, ლიონის უნივერსიტეტი და ფოლკსვაგენის ფონდი.

კონფერენცია გაიხსნება 16 ივნისს 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ფურცელაძის ქ. 1.

გამოფენა გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შ. რუსთაველის გამზ. 3.

მიმაგრებული დოკუმენტები :
კონფერენციის პროგრამა