თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის

01 აპრილი 2016 - 08 აპრილი 2016
Share

2016 წლის 1 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის.   

სასახლის მუზეუმი ჩინეთის ქალაქ პეკინში მდებარეობს და 980 შენობისგან შემდგარ უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს. მას მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულება ჰქონდა. კომპლექსი 1987 წლიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, როგორც ,,მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე". მისი კოლექცია კი იუნესკოს მიერ მსოფლიოში უძველეს ხის ნაკეთობათა უდიდეს კოლექციად არის შეფასებული.  

ჩინეთის სასახლის მუზეუმს, რომელიც ,,აკრძალული ქალაქის" სახელითაა ცნობილი, წელიწადში 15 მილიონი დამთვალიერებელი ყავს და მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად მუზეუმს წარმოადგენს. მუზეუმი ცნობილია მასში დაცული ქინის იმპერიული პერიოდის კოლექციით, რომელიც მოიცავს კერამიკულ, ფერწერულ ნამუშევრებს, საათებს, ბრინჯაოსა და ნეფრიტის ნაკეთობებს, ხელნაწერებს, უძველეს წიგნებსა და ისტორიულ დოკუმენტებს.

მემორანდუმი, რომელიც ორ მხარეს შორის გაფორმდა, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების მოვლას, ერთობლივი გამოფენების მოწყობას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საჯარო ლექციებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის მუზეუმის დირექტორმა შან ჯიხიანგმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი.  

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. № 1.