თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის

02 თებერვალი 2016 - 02 თებერვალი 2016
Share

2016 წლის 2 თებერვალს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. სტუმრებს შორის იყვნენ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და პროექტის მენეჯერი პიოტერ იავორსკი

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ არქეოლოგიურ კვლევებს. ქართულ-პოლონური კვლევის ერთ-ერთი ობიექტი არის ძალისას ნაქალაქარი. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოების განახლება და მოპოვებული მასალების მეცნიერული შესწავლა. მნიშვნელოვანია, რომ ძალისას ნაქალაქარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად ჩატარდება გეოფიზიკური და აერო-ტოპოგრაფიული კვლევა. 

ძალისა - ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია ქართლის (იბერიის) სამეფოს  ტერიტორიაზე. ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით და იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (Zalissa), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფოსი კლავდიოს პტოლემაიოსი ,,გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში" (Geographike Hyphegesis) იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.

ნაქალაქარზე აღმოჩენილია ე.წ. რეგულარული პრინციპით დაგეგმარებული ურთიერთგადამკვეთი ქუჩები და მოედნები, რომლებზეც აგურის ფილები იყო დაგებული; საზოგადოებრივი და საცხოვრებელი, ასევე საკულტო ნაგებობანი, შემკული სრულიად გამორჩეული მოზაიკებით; აბანოები, წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემების ნაშთები.

ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის. საქართველოს ეროვნულ მუზეუმი მრავალი წელია მუშაობს ნაქალაქარის კონსერვაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროგრამაზე.

ძალისას მუზეუმ-ნაკრძალის განვითარებასა და კონსერვაციაში ჩართულები არიან: იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ურთიერთობების სააგენტო (Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale (FARNESINA), რომის კონსერვაციისა და რესტავრაციის ინსტიტუტი (Istituto Superiore per la Conservazione ed il Restauro (ISCR), BP და მისი პარტნიორი ორგანიზაცია GPC (Georgian Pipeline Company), შატო მუხრანი (Château Mukhrani), თიბისი ბანკი. ასევე, ძეგლის რეაბილიტაციას მხარს უჭერს რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობა.

2016 წლის თებერვლიდან პარტნიორების ჯგუფს ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ინსტიტუტიც შეუერთდება.