თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის

30 დეკემბერი 2015 - 30 დეკემბერი 2015
Share

30 დეკემბერს 13:00 საათზე ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, საზეიმო ვითარებაში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.

თბილისის მერიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ერთობლივად წარმართვას. ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების კვლევისა და პოპულარიზაციისათვის ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებას. აგრეთვე, თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების გამოვლენას, კვლევას, პოპულარიზაციასა და ახალ ტურისტული მარშრუტების მონიშვნას.

მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წელს თბილისში ოთხი არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა განხორციელდა. კერძოდ, კვლევა გაგრძელდა ძვ.წ. 1850-1250 წლებით დათარიღებულ საჯოგის ნასახლარზე. ნასახლარი ცნობილია, როგორც ბრინჯაოს ხანის კავკასიაში უძველესი ურბანული დასახლება. ასევე, დაიწყო სტაციონალური არქეოლოგიური სამუშაოები თრელიგორების ნასახლარზე ახლად აღმოჩენილი ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი სატაძრო კომპლექსისა და მარნის შესასწავლად. სამუშაოების შედეგად გორის თხემის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ელინისტური ხანით, ჩვ. წ-მდე III-I საუკუნეებით, ქართლის (იბერიის) სამეფოს ადრეული ხანით დათარიღებული მარნის ნაშთები 5 ქვევრით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მარანი ტაძრის ან სასახლის შემადგენელ სათავსოს წარმოადგენდა. არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა ტაძრისა და  თბილისის დედაციხის, შაჰტახტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის მომზადდა თემატური გამოფენები, პუბლიკაციები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები და სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად მოეწყობა ექსპოზიცია, სადაც გამოიფინება ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში დაცული XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი ძველი თბილისის შენობების უნიკალური მაკეტები, რომელთა საშუალებითაც დღეს შეგვიძლია ძველი თბილისის განუმეორებელი კოლორიტი შევიგრძნოთ. ასევე გაეცნობით დედაქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიური ნივთებს ძვ.წ.IV ათასწლეულიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ძველი თბილისის ისტორიის ამსახველი რარიტეტული წიგნები.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა. სიონის ქ.#8.