სვანეთის მუზეუმში მედიათეკა გაიხსნა

29 ივლისი 2015 - 29 ივლისი 2015
Share

2015 წლის 29 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი მედიათეკა გაიხსნა.

მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200-ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობის უახლესი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, გამომცემლობებს - არტანუჯი, ინტელექტი, საუნჯე, ბაკმი, შემეცნებასა და პალიტრა L-ს.