“საქართველო 7 მილიარდიან სამყაროში”

24 ოქტომბერი 2011

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 24 ოქტომბერს , 17 საათზე აწყობს ღონისძიებას მსოფლიოს მოსახლეობის 7 მილიარდიან ნიშნულთან დაკავშირებით. ღონისძიება გაიმართება გაეროს კვირეულის ფარგლებში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. (მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი #3).

31 ოქტომბერს პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 7 მილიარდს მიაღწევს, 24 ოქტომბერს კი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ირთვება მრიცხველი და იწყება 7 მილიარდიანი ნიშნულის ათვლა.

„გაეროს მოსახლეობის ფონდი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. 7 მილიარდის ახალი ნიშნული მსოფლიოსაგან მოითხოვს ახლებურ ხედვას და შესაბამისად ქმედებებს, რათა დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები. საქართველო 7 მილიარდიანი სამყაროს ღირსეული წევრია თავისი უძველესი ისტორიით, ცივილიზაციის უნიკალური საგანძურით, მოსახლეობის განვითარების საკითხებითა და მომავლის პერსპექტივებით. საქართველოსა და მსოფლიოს მომავალი ჩვენს დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული“, თამარ ხომასურიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

“მდიდარი ბუნებრივი რესურსები ათასობით წლის მანძილზე ხელს უწყობდა ადამიანების უწყვეტ განვითარებასა და განსახლებას. ამის დასტურია საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული მრავალი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კვლევა, მათ შორისაა ევრაზიაში უძველესი ადამიანის ნაშთების აღმოჩენაც. დმანისის არქეოლოგიური ძეგლი (რომელიც 1.8 მილიონი წლით თარიღდება), საქართველოს წარმოადგენს, როგორც პირველი ევროპელების სამშობლოს”, დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.  

„დღეს, როცა სიღარიბე, უთანასწორობა და რესურსების უკმარისობა მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს, მათ დაძლევაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, შევძლებთ თუ არა თანაარსებობას ჯანმრთელ პლანეტაზე, დამოკიდებულია ჩვენს ახლანდელ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა 7 მილიარდს მიაღწევს“– აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ბაბატუნდე ოსოტიმეჰის სპეციალურ მიმართვაში , –„ უთანასწორობის შემცირება და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის მოითხოვს ახლებურ აზროვნებას და მთელი მსოფლიოს უპრეცედენტო თანამშრომლობას. და, აი დადგა მოქმედების დროც. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ახალგაზრდებთან ერთად, მხარი დავუჭიროთ გოგონებისა და ქალთა უფლებების წარმოჩენას, ერთად დავიცვათ ბუნებრივი რესურსები, რაზეც ყველა ჩვენთაგანია დამოკიდებული. ახალგაზრდობა მოსახლეობის ყველაზე ურთიერთდაკავშირებული ნაწილია, ასეთი კავშირები კი იწვევს საზოგადოების, პოლიტიკისა და კულტურის გარდაქმნას. ქალებისა და ახალგაზრდების მეტი აქტიურობით შეგვიძლია ავაშენოთ უკეთესი მომავალი ყველა თაობისთვის.

გაეროს მოსახლეობის ფონდი წარმოადგენს განვითარების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც ხელს უწყობს ყოველი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უფლებას იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრებითა და თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. გაეროს მოსახლეობის ფონდი დახმარებას უწევს ქვეყნებს მოსახლეობის შესახებ მონაცემების დამუშავებაში შესაბამისი პოლიტიკისა და პროგრამებისათვის სიღარიბის დასაძლევად.ფონდის მიზანია, ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა ორსულობა-უსაფრთხო, ყველა ახალშობილი-ჯანმრთელი, ყველა ახალგაზრდა-დაცული აივ/შიდსისგან,და დამოკიდებულება ყველა გოგონასა და ქალის მიმართ - გამსჭვალული ღირსებითა და პატივისცემით.