საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმი საჯარო დაწესებულებების ხუთეულშია!

12 თებერვალი 2015 - 26 სექტემბერი 2015
Share

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა(IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს(OSGF) პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge" 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულება საქართველოში. მუზეუმს გადაეცა სპეციალური ჯილდო „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის".

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქვეუწყებო და სხვა მსგავს საჯარო დაწესებულებებს შორის რეიტინგის პირველ ხუთეულში 100%-იანი მაჩვენებლით დაფიქსირდა.

ღონისძიება 2015 წლის 12 თებერვალს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" გაიმართა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაარსების დღიდან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე გასცემს საჯარო ინფორმაციას. 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების შესაბამისად მუზეუმში დაცული საჯარო ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე(www.museum.ge) პროაქტიული სახით და უზრუნველყოფილია ელექტრონული ფორმით ნებისმიერი პირის მოთხოვნის საფუძველზე. საჯარო ინფორმაცია გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების, ასევე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად. ეროვნული მუზეუმი ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას მუდმივად ანახლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და ვადების დაცვით.