საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს მუზეუმების ლიდერთა ფორუმზე

07 აპრილი 2014 - 07 აპრილი 2015
Share

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ინიციატივითა და "Terra Foundation for American Art"-ის მხარდაჭერით 2014 წელს ნიუ-იორკში მსოფლიოს მუზეუმების ლიდერთა ფორუმი გაიმართა (Global Museum Leaders Colloquium). შეკრება მუზეუმების ლიდერთა შორის იდეებისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა გახლავთ.

დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ღია დიალოგს მოწვეული მუზეუმების ხელმძღვანელთა შორის, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ინსტიტუციების გამოცდილება, ისაუბრეს საერთაშორისო სამუზეუმო სფეროში არსებულ გამოწვევებზე და დასახეს თანამშრომლობის ახალი გზები.

მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 14 ქვეყნის მონაწილე ინსტიტუციას შორისაა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელიც მისმა გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ წარმოადგინა. ეროვნული მუზეუმი ფორუმზე წარმოდგენილი იქნა როგორც ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელი და ამავდროულად, რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ინსტიტუცია.

ფორუმის მსვლელობისას მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ტომას კემპბელმა აღნიშნა, რომ ყველა დიდი მუზეუმის მსგავსად, მეტროპოლიტენი არის ადგილი, სადაც ადამიანები ერთიანდებიან განსხვავებული მოსაზრებების გასაზიარებლად. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით მუზეუმების ლიდერთა გამორჩეულ ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ 14 ქვეყანას ხუთი კონტინენტიდან და ერთიანდებიან ერთი მისიით - შექმნან გლობალური მუზეუმების ლიდერთა პროგრამა. იდეალურ შემთხვევაში, აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართული იდეებისა და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მონაწილე ინსტიტუციების განვითარებას, არამედ მოიცავს უფრო ფართო დიაპაზონსაც".

ფორუმი შესაძლებლობას იძლევა მონაწილე ინსტიტუციები მეტროპოლიტენის მუზეუმთან დააკავშიროს სამომავლო თანამშრომლობისა და იდეათა ურთიერთგაცვლის მიზნით. ფორუმი იძლევა სრულ ინფორმაციას თანამედროვე სამუზეუმო გამოცდილების შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.