ICOM/ICAMT-ის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია

22 სექტემბერი 2014 - 26 სექტემბერი 2014
Share

ICOM/ICAMT-ისა (არქიტექტურისა და სამუზეუმო ტექნიკის საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 22-26 სექტემბერს წარმოგიდგენთ ICOM/ICAMT-ის მე-40 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „მუზეუმ-ნაკრძალები - ისტორიის სათავეებთან".

საერთაშორისო კონფერენციის თემა ფოკუსირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში მუზეუმ-ნაკრძალების (Site-Museums) განსხვავებული როლის განხილვასა და გაანალიზებაზე, მათი ადგილის უნიკალურობის შენარჩუნებაზე, განვითარების შესატყვისი თანამედროვე არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე, დამთვალიერებელთა მომსახურების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მუზეუმ-ნაკრძალების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდაზე, მდგრად განვითარებასა და სხვა საკითხებზე.

ქართველ მეცნიერებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე უცხოელი სპეციალისტი ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და სხვა.

კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ქმედითი რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც გააგრძელებს ქვეყანაში ამ ტიპის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლისა და მათ მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრირების პროცესებს.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.