საჯარო ლექცია „არის თუ არა საქართველო კულტურული ხორბლისა და ვაზის სამშობლო"

20 თებერვალი 2014 - 20 თებერვალი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს.

2014 წლის 20 თებერვალს 15:00 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „არის თუ არა საქართველო კულტურული ხორბლისა და ვაზის სამშობლო" წაიკითხავს ნანა რუსიშვილი, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერთანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პალეობოტანიკოსი.

კულტურულ მცენარეთა ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობის იმ პერიოდთან, როდესაც მან დაიწყო ისეთ ველურ მცენარეთა მოშინაურება, როგორიცაა ხორბალი, ქერი, ვაზი, პარკოსნები და სხვ. საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი თანამედროვე ენდემური ხორბლის და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და სამიწათმოქმედო კულტურის უწყვეტი მრავალათასწლიანი ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული ტერიტორია კულტურულ მცენარეთა წარმოშობის დამოუკიდებელ კერას წარმოადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეოლითური ნამოსახლარების პალეობოტანიკური კვლევის შედეგები და გამოვლენილი მცენარეთა ფართო ასორტიმენტი გვაფიქრებინებს იმას, რომ მიწათმოქმედებას ჩვენს ქვეყანაში ხანგრძლივი პრეისტორია ჰქონდა.

ლექცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული 

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

 მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, მე-3 სართული.