საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმები კონტექსტში: მუზეუმების ქსელის შექმნა და ურთიერთობა საზოგადოებასთან“

25 ნოემბერი 2013 - 28 ნოემბერი 2013
Share

2013 წლის 25-28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმები კონტექსტში: მუზეუმების ქსელის შექმნა და  ურთიერთობა საზოგადოებასთან". 

კონფერენციაში ქართველ და გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდა სამუზეუმო სფეროს 30-მდე წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან.

კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმი განიხილეს, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში წარმატებული მოდელის მაგალითი. 2005-2012 წლებში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, რის შემდეგაც მუზეუმის შენობებმა ახლებური იერსახე და ფუნქცია მიიღო. ამჟამად შემუშავებულია გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია მოეწყოს ერთ სისტემაში მოქცეული მუზეუმების ცენტრალური საცავი და საკონსერვაციო-კვლევითი ლაბორატორიები.  

მონაწილეებმა განიხილეს გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების ნიმუშთა საცავის (რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრი) მოწყობის პროექტი, რომლის შექმნაშიც ქართველ სპეციალისტებს დახმარება გერმანელმა ექსპერტებმა გაუწიეს. ერთხმად აღინიშნა თბილისის პროექტის უდიდესი მნიშვნელობა: ამგვარი ცენტრის არსებობა გადაჭრის ეროვნული მუზეუმის კოლექციების კონსერვაციისა და დაცვის პრობლემას; ამასთანავე, ცენტრი მოემსახურება, როგორც საქართველოს, ისე მეზობელი ქვეყნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს.

შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს 2009-2012 წწ. ბერლინში განხორციელებული ანალოგიური პროექტი.

28 ნოემბერს კონფერენციამ თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გადაინაცვლა, სადაც ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს მიმდინარე საგანმანათლებლო და საგამოფენო პროექტები. მათ შორის წარმოდგენილი იყო 2014 წელს ეროვნულ გალერეაში დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები 29 ნოემბერს, რეგიონული სამუზეუმო ქსელის განხილვის მიზნით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმს სტუმრობდნენ.

კონფერენცია ,,სამუზეუმო სფეროს პროფესიონალთა ფორმირების ცენტრის" („Kompetenzzentrum Museum") ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული ცენტრის შექმნას წინ უძღოდა 2012 წლის სექტემბერში თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია ,,რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა". აღნიშნულმა კონფერენციამ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონების  გოეთეს ინსტიტუტებს უბიძგა ეს თემა ერთობლივ რეგიონალურ პროექტად ექციათ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწე მუზეუმების ხელმძღვანელები 2013 წლის აპრილში, თავდაპირველად ბერლინის კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გერმანელ ექსპერტებთან ერთად სამუზეუმო სფეროს უახლესი ტენდენციები განიხილეს. ა.წ. 22-27 ივლისს ისინი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებს გაეცნენ ახალციხეში, ვანსა და მესტიის მუზეუმში. ამ სემინარის მთავარი თემა იყო მუზეუმი, როგორც  რეგიონის კულტურის ცენტრი.