საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის 1918-1921

09 აგვისტო 2012
Share

9 აგვისტოს, 20:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, გაიმართება ანდრო კაჭარავასა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნის „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“ პრეზენტაცია.

წიგნის დაწერის იდეა ამერიკაში მოღვაწე ექიმს ანდრო კაჭარავას ეკუთვნის და იგი თავისუფალი საქართველოს ისტორიას ეძღვნება. ცნობილი ისტორიკოსის ალექსანდრე დაუშვილის თანაავტორობით, ნაშრომში ასახულია საქართველოს ისტორიის მეტად რთული პერიოდი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თავისუფალი საქართველოს საგარეო პოლიტიკას - დამოკიდებულებას თურქეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და „ანტანტის“ ქვეყნებთან. კარგადაა ნაჩვენები, თუ რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველო რუსეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში.

ნაშრომში მდიდარი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობის გააზრების საფუძველზე და უახლესი მასალების გათვალისწინებით, პოპულარული ფორმით გადმოცემულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის, მისი პოლიტიკური განვითარების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის საინტერესო და დრამატული ისტორია.